დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: ისრაელმა ირანის საჰაერო ძალების მეთაურებს წარმატებულ დარტყმამდე შეკრებისკენ უბიძგა

ირანის საჰაერო ძალების მეთაური, ამირ ალი ჰაჯიზადე
AFP

ისრაელის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა Fox News-თან საუბარში თქვა, რომ წარმატებულ იერიშამდე, ისრაელმა შეძლო, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნებისთვის სხდომის მოწვევისკენ ებიძგებინა.

"ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული მოქმედებები, რათა მათზე მეტი გაგვეგო, შემდეგ ეს ინფორმაცია მათ ქმედებებზე გავლენის მოსახდენად გამოვიყენეთ... ვიცოდით, რომ ეს მათ შეხვედრისკენ უბიძგებდათ, მაგრამ მეტიც, ვიცოდით, როგორ გაგვეჩერებინა ისინი იქ (რედ. - შეკრების ადგილზე)." - თქვა მაღალჩინოსანმა ამერიკულ მედიასთან.

ამავე წყაროს თქმით, იერიში იმაზე ეფექტური გამოდგა, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ და დარტყმების შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს თავდაცვის სისტემები და ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გამოყენებაც, სავარაუდოდ, ისრაელის წინააღმდეგ იგეგმებოდა.

აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისმა განაცხადა, რომ მოკლულია ირანის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნების უმეტესობა. 

ამ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ამირ ალი ჰაჯიზადე.


13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

ხოლო მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.  

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი. 

თავის მხრივ, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დარტყმა "პრევენციული". ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა. 

ამავდროულად, გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებსა და ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის იერიშის შედეგად მოკლეს. 

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შამხანი თეირანში თავის საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დაიღუპა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით  "აღმავალი ლომი", "გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო". 

კომენტარები