დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანში ოპერაცია ძალიან ჰგავს კიევის ოპერაციას, ეს დამთხვევას არ ჰგავს – დუგინი

კრემლის პროპაგანდისტის, რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის თქმით, ირანში ისრაელის ოპერაცია, "აღმავალ ლომსა" და უკრაინის თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე, ოპერაცია, "აბლაბუდა" ერთმანეთს ჰგავს და ეს დამთხვევა არ არის.

ამის შესახებ დუგინი საკუთარ Telegram-არხზე წერს.

"ირანის ტერიტორიაზე დრონების განთავსების ოპერაცია ძალიან ჰგავს კიევის ბოლოდროინდელ ოპერაციას ჩვენს აეროდრომებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ ერთი და იგივე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ეს დამთხვევას არ ჰგავს". - წერს დუგინი.

13 ივნისს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.

ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი.

ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა.

კომენტარები