დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: ისრაელს ირანში დრონების საიდუმლო ბაზა ჰქონდა, რაკეტების ლოკაციებს დაარტყეს

მარჯვნივ - ისრაელის მიერ ირანული რაკეტის განადგურების კადრი

ისრაელის მედია, The Times of Israel უსაფრთხოების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ ოპერაციას წლების განმავლობაში გეგმავდა და ამ გეგმების ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე შექმნეს დრონების ბაზა, კონტრაბანდის სახით შეიტანეს მაღალი სიზუსტის იარაღები და ელიტური კომანდოები შეაპარეს.

წყაროს თქმით, ეს ოპერაცია ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის - მოსადისა და თავდაცვის ძალების ახლო თანამშრომლობით დაიგეგმა.

მედიის წყაროები ამბობენ, რომ მოსადის აგენტებმა ირანში, თეირანის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონების ბაზა მოაწყვეს. დრონები ღამით გააქტიურდნენ და ისრაელზე დამიზნებული მიწა-მიწის ტიპის რაკეტებზე იერიში მიიტანეს.

ამას გარდა, წყაროების ინფორმაციით, ირანში დამატებითი შეიარაღებითა და სისტემებით შევიდნენ მანქანებიც. ამ სისტემებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე მიიტანეს იერიშები, ისრაელის ავიაგამანადგურებლებს უსაფრთხო გარემო შეუქმნეს და დარტყმები გაუადვილეს.

ასევე, ოპერაციის ფარგლებში, წყაროს თქმით, მოსადის კომანდოებმა მაღალი სიზუსტის რაკეტები განათავსეს ცენტრალურ ირანში, ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტების მახლობლად.

The Times of Israel-ის წყაროს თქმით, ოპერაცია ეყრდნობოდა "ინოვაციურ მიდგომას, გამბედავ დაგეგმარებასა და ქირურგიულ ოპერაციას თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპეცდანიშნულების ძალებითა და აგენტებით, რომლებიც ირანის გულში მოქმედებდნენ ისე, რომ ადგილობრივ დაზვერვის თვალთახედვის გარეთ დარჩნენ".

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ირანის მიწა-მიწის ტიპის რაკეტების განადგურებაა ასახული.


ცნობისთვის, პარასკევს, 13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

ხოლო მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.  

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი. 

თავის მხრივ, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დარტყმა "პრევენციული". ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა. 

ამავდროულად, გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებსა და ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის იერიშის შედეგად მოკლეს. 

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შამხანი თეირანში თავის საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დაიღუპა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით  "აღმავალი ლომი", "გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო". 

კომენტარები