ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულების 100-ზე მეტი დრონი გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენლის, გენერალ ეფი დეფრინის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება მიმდინარეობს.
"ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს საფრთხეების მოსაგერიებლად. ეს სრულიად განსხვავებული მოვლენაა იმასთან შედარებით, რაც აქამდე გვინახავს, რთულ საათებს ველოდებით". - აღნიშნა დეფრინმა.
13 ივნისს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.
ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა.





