გამოცემა Times of Israel ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ კურილამ დღეს, 12 ივნისს, ამერიკელი კონგრესმენების წინაშე დაგეგმილი ჩვენება გადადო.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალების მეთაური ხუთშაბათს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე უნდა წარდგენილიყო.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს ცენტრალურ სარდლობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
პარალელურად, გამოცემა Washington Post წერს, რომ ირანზე ისრაელის იერიშების შესაძლო მიტანის ფონზე, აშშ ერაყის საელჩოში პერსონალის შემცირებასთან ერთად, მთელ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე საელჩოებში დამატებით ზომებსაც იღებს.
როგორც Washington Post წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა საელჩოს, რომელიც ირანის საიერიშო შესაძლებლობების არეალში ექცევა, უბრძანა, შექმნან საგანგებო მოქმედების კომიტეტები და ვაშინგტონში გაგზავნონ დიპლომატიური ტელეგრამები, რისკების შემცირების ზომების შესახებ. ეს ბრძანება ეხება აშშ-ს მისიებს, რომლებიც მდებარეობენ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
WP განმარტავს, რომ ამ პროცედურას მოჰყვა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს გადაწყვეტილება, რომ ერაყში მყოფი დიპლომატიური მისიიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლები გამოეყვანათ.
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ბოლო თვეებში აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს შესაძლოა, ვაშინგტონის თანხმობის გარეშეც დაარტყას.
ხოლო გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელმა თეთრი სახლი დაარწმუნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ირანისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ომანში 15 ივნისს არის დაგეგმილი. მაგრამ WP-ს წყაროები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა, არ გაიმართოს.
აქამდე ტრამპი მოლაპარაკებებს, რომლებიც აპრილში დაიწყო, დადებითად აფასებდა და ამბობდა, რომ პროცესი პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა. მისივე თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამხედრო გეგმები დროებით გადაედო.
თუმცა, 11 ივნისს ტრამპმა აღნიშნა, რომ "ნაკლებად დარწმუნებულია" რომ ირანი აშშ-ს მოთხოვნებს დათანხმდება და ურანის გამდიდრების პროგრამას შეაჩერებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.





