ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელი კაცი ამბობს, რომ დაკავებულმა აქტივისტებმა, რომლებიც ნავის მეშვეობით ისრაელის ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდნენ, უარი თქვეს იმ ვიდეოს ყურებაზე, რომელიც ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილ სისასტიკეს ასახავდა.
ცნობისთვის, ნავზე მყოფ 12 პირს შორის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც იყვნენ.
"გრეტა [ტუნბერგი] და მისი ფლოტილიელი თანამგზავრები ჩამოსვლისთანავე ოთახში შეიყვანეს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაზე საშინელი ფილმის სანახავად და როდესაც დაინახეს, რაზე იყო ის [ფილმი], უარი თქვეს ყურების გაგრძელებაზე," - განაცხადა ისრაელ კაცმა.
"ანტისემიტური ფლოტილიის წევრები თვალებს ხუჭავენ სიმართლეზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მკვლელები ურჩევნიათ მოკლულების ნაცვლად და განაგრძობენ ჰამასის მიერ ებრაელი და ისრაელელი ქალების, ზრდასრულებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების იგნორირებას," დაამატა მან.
ცნობისთვის, 9 ივნისს, ღამის საათებში, ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ისრაელის მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდა. ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ იყო ორგანიზებული.
Madleen-ის დაკავების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ნავზე მყოფი ყველა მგზავრის დეპორტაცია მოხდებოდა.
აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ღაზაში სიმბოლური რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანათ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ "ნავზე არსებული მცირე რაოდენობის დახმარება, რომელიც "ვარსკვლავებმა" არ მოიხმარეს, ღაზას რეალური ჰუმანიტარული არხების გავლით გადაეცემა".
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა არმიას უბრძანა, რომ ისრაელის ბლოკადის დარღვევის საშუალება არ მისცენ შვედი აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის ნავს, რომლის მისიაც ღაზის სექტორამდე ჩაღწევაა.
"მე IDF-ს მივუთითე, ისე იმოქმედონ, რომ Madleen-მა ღაზამდე ვერ მიაღწიოს. ანტისემიტ გრეტასა და მის მეგობრებს გარკვევით ვეუბნები: უკან უნდა გაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ," - განაცხადა კაცმა.
"ისრაელის სახელმწიფო არავის მისცემს საშუალებას, დაარღვიოს ღაზაზე არსებული საზღვაო ბლოკადა, რომლის უპირველესი მიზანიც შეიარაღების მიწოდების აღკვეთაა ჰამასისთვის - მკვლელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის, რომელსაც ჩვენი მძევლები ჰყავს და რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის," - დაამატა მან.
აქტივისტების დაკავებიდან ერთ დღეში კი ისრაელმა გრეტა ტუნბერგი დაადეპორტა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე თვითმფრინავში მყოფი შვედი აქტივისტის სურათი გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ტუნბერგი საფრანგეთის გავლით შვედეთში დაბრუნდებოდა.
ამჟამად ისრაელიდან ჯამში ოთხი აქტივისტია დეპორტირებული მას შემდეგ, რაც ისინი დაუყოვნებლივ დეპორტაციაზე დათანხმდნენ, ხოლო 8 აქტივისტი რეპატრიაციის ბრძანებას არ დათანხმდა, რის გამოც მათი საქმე სასამართლო სხდომაზე იქნება განხილული.





