ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრძოლის ველზე 70-ზე მეტი აფხაზეთის მოქალაქე დაიღუპა.
"დღეს, როდესაც რუსეთი გლობალურ ბოროტებასთან სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი სიტყვით კი არა, საქმით დგას მის გვერდით. მაგალითად, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში აფხაზეთიდან მოხალისეები იბრძვიან. სამწუხაროდ, უკვე 70-ზე მეტი ჩვენი ბიჭი დავკარგეთ" - თქვა ბარციცმა.
მისი თქმით, საომარ ზონებში აფხაზეთიდან ჩასული მოხალისეები, ჟურნალისტები და ექთნები მუშაობენ. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მისიით საომარ ზონაში თავადაც იმყოფებოდა.
ოლეგ ბარციცმა 6 ივნისს განახორციელა პირველი ვიზიტი რუსეთში დანიშვნის შემდეგ. მოსკოვში იგი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
6 ივნისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, ოლეგ ბარციცს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ლავროვმა ბარციცს თანამდებობის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.
"ჩვენი მოკავშირე ქვეყნები, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, ახლა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან. მიმდინარეობს ასევე აფხაზეთის სოციო-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაცია რუსულთან". - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტ, ბადრა გუნბას შორის 5 მარტსა და 10 მაისს გამართულ შეხვედრებს გაგრძელება ექნება.





