ოკუპირებული აფხაზეთი-რუსეთი

მოსკოვში ლავროვსა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

6 ივნისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, ოლეგ ბარციცს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ლავროვმა ბარციცს თანამდებობის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.

"ჩვენი მოკავშირე ქვეყნები, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, ახლა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან. მიმდინარეობს ასევე აფხაზეთის სოციო-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაცია რუსულთან". - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტ, ბადრა გუნბას შორის 5 მარტსა და 10 მაისს გამართულ შეხვედრებს გაგრძელება ექნება.

ბარციცმა ლავროვს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის მიღება მიულოცა და აფხაზეთის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობას, რომელიც გლობალურ და ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს, დღეს დამატებითი იმპულსი მიეცა". - თქვა ე.წ. მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებაა.

მანამდე, 10 მაისს, პუტინისა და გუნბას შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ე.წ. პრეზიდენტმა პუტინი აფხაზეთში მიიწვია.

პუტინის თქმით, რუსეთი აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ტურისტული ნაკადების გაზრდა სურთ: "წინა წელს ზრდა საგრძნობი იყო. ველით, რომ [ტურისტების რაოდენობა] წელსაც გაიზრდება მინიმუმ შვიდი პროცენტით, ან შესაძლოა, მეტითაც".

კომენტარები