ირანის ბირთვული პროგრამა

Axios: ისრაელმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანზე იერიში მხოლოდ მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელმა თეთრი სახლი დაარწმუნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას ორმა საკითხზე ინფორმირებულმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. 

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელმა ეს გზავნილი თეთრ სახლს სტრატეგიულ საქმეთა მინისტრის, რონ დერმერის, მოსადის დირექტორის, დავიდ ბარნეას და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ცახი ჰანეგბის მეშვეობით გადასცა, რომელიც ვაშინგტონში წინა კვირას ჩავიდა. 

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, ისრაელმა ამერიკულ მხარეს მკაფიოდ განუმარტა, რომ ირანი ტრამპის ადმინისტრაციას ირანზე სამხედრო იერიშების მიტანით სიურპრიზს არ მოუწყობს. 

"ჩვენ დავამშვიდეთ ამერიკელები და ვუთხარით, რომ არალოგიკურია იერიშის წამოწყება, თუკი კარგი დიპლომატიური გამოსავლის გამონახვა შესაძლებელია. ამიტომ ჩვენ ამას შანსს მივცემთ და სამხედრო მოქმედებების კუთხით მოვიცდით, სანამ ცხადი არ იქნება, რომ მოლაპარაკებები ამოიწურა და სტივ უიტკოფი მცდელობებს შეეშვა," - თქვა ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა. 

ბოლო პერიოდში CNN და Axios წერდნენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სწრაფი იერიშისთვის ემზადება, თუკი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება.

მაღალჩინოსნის თქმით, ამის გამო ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები ბოლო კვირების განმავლობაში შეშფოთებულები იყვნენ იმ ცნობებით, რომ ისრაელმა შესაძლოა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანოს ან სხვა ნაბიჯები გადადგას, რაც მოლაპარაკებებს ძირს გამოუთხრის.

ხოლო 20 მაისს CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება.

ამ ფონზე, ტრამპმა ნეთანიაჰუს 22 მაისს გამართული სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მას არ სურს, ირანთან საკითხის დიპლომატიური კუთხით მოგვარებას "ხელი რაიმემ შეუშალოს".

მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპის გზავნილი იყო, რომ მას "არ სურს ნეთანიაჰუს მხრიდან ანტაგონიზმი მაშინ, როცა პრობლემების მოგვარებას ცდილობს". თუმცა, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ "მეორე ვარიანტი" კვლავ მაგიდაზე რჩება, მაგრამ ჯერ სურს იხილოს, შესაძლებელია თუ არა საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრა.

მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ტრამპმაც დაადასტურა: 

"მე მას [ნეთანიაჰუს] ვუთხარი, რომ ახლა ამის გაკეთება შეუფერებელი იქნებოდა, რადგან საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს – შეიძლება ერთი სატელეფონო ზარით შეიცვალოს, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ". - თქვა ტრამპმა.

ამას გარდა, 3 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა მოითხოვს, რომ ირანმა სრულად განაიარაღოს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში - ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე. 

ხოლო ირანის რეჟიმის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, თავის მხრივ თქვა, რომ შშ-ს წინადადება ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის. 

"დამოუკიდებლობა აშშ-სა და ამერიკისნაირების მხრიდან მწვანე შუქისთვის არ დალოდებას ნიშნავს". - თქვა ხამენეიმ და დაამატა, რომ ამერიკული მხარის წინადადება "100%-ით ეწინააღმდეგება" 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეალებს. 

კომენტარები