გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ის იმედოვნებს, რომ გერმანიასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ამის შესახებ მერცმა აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ოვალურ ოფისში ძალიან მეგობრული მიღებისთვის, მოხარული ვარ აქ ყოფნით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გზას ვამზადებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის". - თქვა მერცმა.
ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა გერმანიისა და აშშ-ის მოვალეობაა. მისი თქმით, "ამ საშინელი ომის დასრულება ორი ქვეყნის საერთო მიზანია".
"რამდენიმე კვირის წინ უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, როდესაც პირველი დიპლომატიური ინიციატივები მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. რუსების მაგიდასთან მოყვანა უკიდურესად რთულია. ამიტომ ვთხოვ პრეზიდენტს, რუსეთზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წინ წავიწევთ. ამ საშინელი ომის დასრულება ჩვენი საერთო მიზანია". - თქვა მერცმა.
გარდა ამისა, მერცმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გერმანიისთვის საშინელი გამოწვევაა.
"გერმანიაში ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ინციდენტები რეალურად გაზრდილია, 2024 წელს გაორმაგდა. ეს გერმანიისთვის საშინელი გამოწვევაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ამ რიცხვების შესამცირებლად. ჩვენ ვემუქრებით მათ, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიგრანტების დიდი რაოდენობით, ანტისემიტიზმი შემოვიტანეთ". - თქვა მერცმა.





