ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე საკადრო ცვლილებებზე: ვზრუნავთ განახლებაზე, ახალ სისხლზე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამთავრობო სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას თქვა, რომ ოცნება "ზრუნავს განახლებაზე". 

კობახიძის თქმით, საქართველოში ოპოზიცია არ არის და ამიტომ, იძულებულები არიან, საკუთარი თავი თვითონ ამყოფონ "ფორმაში", იზრუნონ "სახელზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე" და ამან მოიტანა უკვე კონკრეტული შედეგები.

"[საკადრო] ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც იყო ცუდი და ვიღაც არის კარგი. განახლება სჭირდება ყოველთვის ნებისმიერ სისტემას და ჩვენ ვზრუნავთ განახლებაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს სინამდვილეში იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ასეთ დროს ჩვენ იძულებულები ვართ, რომ საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ ვზრუნავთ მუდმივად სახელზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე და ამან მოიტანა უკვე კონკრეტული შედეგები". - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულმა გიორგი გაბიტაშვილმა 4 ივნისს გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად წარადგინა.

10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. მათ შორის გიორგი გაბიტაშვილი.

ამასთან ერთად, 2 აპრილს, კობახიძემ განცხადება გააკეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ. მაშინ კობახიძემ თქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს დანიშნავდა. 

4 აპრილს კობახიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ლილუაშვილი მინისტრად აღარ დაინიშნება. რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს კახაბერ გულედანი დაიკავებს, რომელიც აქამდე თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო. 

კობახიძის განმარტებით, ლილუაშვილთან "მოადგილეების თემაზე" ვერ შეთანხმდა. 

კომენტარები