საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მიერ TV პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩივარს გამოეხმაურა.
"ის, რაც დღეს მედიის წინააღმდეგ იწყება, ანუ მცდელობა, რომ მედიაში თქვენი ყოველი სიტყვა გაკონტროლდეს და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობა, რომ საზოგადოება კიდევ უფრო შეზღუდონ". - თქვა ზურაბიშვილმა.
ქართულმა ოცნებამ TV პირველსა და ფორმულას "მაუწყებლობის შესახებ კანონის" დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ტელეკომპანიებს კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო უჩივის.
ფორმულას განცხადებით, არხის წინააღმდეგ საჩივარში მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.
ფორმულას ცნობით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.
TV პირველის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით კი, საჩივარში აღნიშნულია, რომ არხის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: "რეჟიმი", "გარუსება", "კლანის სასამართლო და ა.შ.".





