კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურამ დღეს პროცესის გადადების მოთხოვნით სასამართლოს იმიტომ მიმართა, რომ იცოდა, ვერ მოითხოვდა მელიას დაკავებას, გამომდინარე იქიდან, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათზე გადის.
"ხელისგულზე დევს ყველაფერი, პროკურატურამ დღეს ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, გადადეს პროცესი. გამართლდა ჩემი მოლოდინები, ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა გადიოდა ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა, დღევანდელ პროცესზე მოეთხოვა დაპატიმრება, ეს იყო შეთანხმებული, როგორც ჩანს, სასამართლოსთან. [...] დაცვის მხარემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის თხოვნა, რომ ხვალ არ ჩანიშნულიყო პროცესი და 14:00 საათზე ჩანიშნა პროცესი, ხვალ დიდი ალბათობით პროკურატურა დააყენებს პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას და რომ არ დაეკარგათ დრო, სასამართლოსთან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული". - თქვა კონდახიშვილმა.
მელიას თეა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, თუმცა, მან ჯარიმა არ გადაიხადა.
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას გირაო პატიმრობით შეუცვალეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, ჯაფარიძე დარბაზში დააკავეს.





