აშშ-NATO

WSJ: რუსეთთან ომის საშიშროების ფონზე აშშ ევროპის ჩრდილოეთ ფრონტს აძლიერებს

გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირის სკეპტიციზმის მიუხედავად, აშშ-ს სამხედრო ჩართულობა NATO-ს ოპერაციებში არ მცირდება და რუსეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე აშშ ევროპის ჩრდილოეთ ფრონტს აძლიერებს.

"აშშ-ს არმიის თვალსაზრისით, ჩემი ბრძანებები არ შეცვლილა". - განუცხადა გამოცემას აშშ-ს ევროპისა და აფრიკის სარდლობის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ენდრიუ სასლავმა.

21 მაისს NATO-ს მრავალეროვნული წვრთნების, "სწრაფი პასუხი 2025"-ის ფარგლებში შვედეთის კუნძულ გოტლანდიდან ბალტიის ზღვაში 5 სასწავლო რაკეტა გაუშვეს. 

საარტილერიო დარტყმები ბალტიის ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ძალების სწრაფად გადაგზავნის შესაძლებლობის გამოცდას ისახავდა მიზნად. 

"საუბარი არ არის ალიანსის შიგნით ახალი კლუბის შექმნაზე, ეს NATO-ს გაძლიერებაა. პარალელურად შესაძლებელია ორმხრივი ან მრავალმხრივი ოპერაციებიც. ეს მხოლოდ ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას აძლიერებს". - თქვა შვედეთის გენშტაბის უფროსმა, კარლ-იოჰან ედსტრომმა.

გოტლანდი ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია, სადაც შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების განთავსებაა შესაძლებელი. ცნობისთვის, კუნძული კალინინგრადიდან 321 კილომეტრში მდებარეობს.

შვედეთის ყოფილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა, მიქაელ ბიდენმა გასულ წელს განაცხადა, რომ პუტინს "ორივე თვალი გოტლანდისკენ აქვს მიპყრობილი".

"ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი პირველ რიგში ბალტიის, ფინეთისა და პოლონეთის საკვანძო პორტების დაპყრობას შეეცდება. ომის პირველ ეტაპზე გოტლანდის სტრატეგიული მდებარეობა ყველაზე სავარაუდოდ მტრული ქმედებების არეალი გახდება". - აცხადებს ალასკაში არსებული ტედ სტივენსის სახელობის არქტიკული უსაფრთხოების კვლევით ცენტრში შვედეთის წარმომადგენელი, სტეფან ლუნდქვისტი. 

გამოცემა წერს, რომ კუნძული, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო დემილიტარიზებული, ომის პირობებში NATO-ს ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას შეასრულებს და მასზე დაახლოებით 4 500 ჯარისკაცი განლაგდება.

კომენტარები