რეჟიმის პატიმრები

არ დამინახავს, ქვა ვინ ისროლა, ორგანიზებულობაც არ შემიმჩნევია – პოლიციელი 8 პირის სხდომაზე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესზე მეორე მოწმე პოლიციელმა, კახა ონიანმაც თქვა, რომ არ დაუნახავს, თუ ვისი ნასროლი ქვა მოხვდა.

"მასიურად დაიწყეს წვეტიანი რკინის ნაჭრებისა და ქვების სროლა, ბევრი ერთად წამოვიდა. გარკვეულ რაღაცებს ვიცილებდით, მაგრამ ერთი ქვის ნაჭერი თავის, შუბლის არეში მომხვდა. შემდეგ როგორც გაირკვა, ნახეთქი იყო და თავიდან სისხლი მომდიოდა [...] ჭრილობაზე ნაკერები დამადეს [...] 

პირადად ამ ადამიანებმა ისროლეს თუ არა, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ [...] არ დამინახავს, ქვა ვინ მესროლა". - თქვა ონიანმა.

ასევე, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ონიანს ჰკითხა, შეუძლია, თქვას თუ არა, რომ აქციის მონაწილეებს ვინმე ორგანიზებას უწევდა. 

"მე იქ ორგანიზებულობა არ შემიმჩნევია, გარდა იმისა, რომ ქვების წვიმა ერთბაშად მოდიოდა". - უპასუხა პოლიციელმა.

ონიანი ამბობს, რომ დაზიანება აქციაზე 2024 წლის 1-ელ დეკემბერს მიიღო, როცა ის, მისივე განცხადებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგა.

ონიანამდე დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი პოლიციელი, გრიგოლ ჭანტურიძე დაიკითხა. მან თქვა, რომ სახეში ქვა მოხვდა და დაზიანება მიიღო. თუმცა, სხვა მოწმეების მსგავსად, ისიც ამბობს, რომ არ დაუნახავს, თუ ვინ ისროლა ქვა.

დღეს, 23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. 

კომენტარები