თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესზე მოწმის სახით პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე იკითხება. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
პოლიციელმა თქვა, რომ სახეში ქვა მოხვდა და დაზიანება მიიღო. თუმცა, სხვა მოწმეების მსგავსად, ისიც ამბობს, რომ არ დაუნახავს, თუ ვინ ისროლა ქვა.
"აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ისროდნენ - ქვებს, ბოთლებს, მაშხალებს [...] ნასროლი ქვის ფილა სახის არეში მომხვდა და დაზიანება მივიღე. ოპერაცია ჩამიტარდა და მეორე კიდევ გასაკეთებელი მაქვს. ვინ მესროლა, არ დამინახავს, რადგან ნიღბებით იყვნენ. ვცდილობდი, ქვები ამეცილებინა [...] ქვა სადღაც თვალსა და საფეთქელს შუა მომხვდა". - თქვა ჭანტურიძემ.
ჭანტურიძე ამბობს, რომ დაზიანება 2024 წლის 28 ნოემბრის აქციაზე მიიღო, როცა ის, მისივე განცხადებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგა.
დღეს, 23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.





