ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუმ სტარმერი, მაკრონი და კარნი ჰამასის მხარეს დგომაში დაადანაშაულა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან 21 მაისს ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობის ფონზე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ისევე, როგორც საფრანგეთისა და კანადის ლიდერები ანტისემიტიზმის გამწვავებაში  დაადანაშაულა. ნეთანიაჰუს თქმით, მათ თქვეს, რომ "სურთ, ჰამასმა ძალაუფლება შეინარჩუნოს". 

ისრაელის პრემიერმინისტრმა სტარმერი, ემანუელ მაკრონი და მარკ კარნი "მკვლელების, გამაუპატიურებლებისა და ადამიანების გამტაცებლების გვერდით" და ამასთან, "ცივილიზაციისა და ისტორიის არასწორ მხარეს" დგომაში დაადანაშაულა. 

გასულ კვირაში აღნიშნული 3 ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისრაელის წინააღმდეგ "მტკიცე ქმედებას" დააანონსეს, თუ ისრაელი ღაზაში ახლად წამოწყებულ უფრო ფართო, მათი თქმით, "საშინელ" სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს. ისრაელის განახლებული შეტევა ღაზაზე ლიდერებმა "არაპროპორციულად" შეაფასეს და ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას "გაუსაძლისი" უწოდეს. 

ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასს ისრაელისა და ებრაელი ხალხის განადგურება სურს, ხოლო პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ მეტად დადებითად მიიღო გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის ერთობლივი კრიტიკა ისრაელის საომარი მოქმედებების მიმართ. 

ნეთანიაჰუს თქმით, მისი ქვეყნის რამდენიმე უახლოეს მოკავშირეს სურს, ისრაელმა "უკან დაიხიოს და მიიღოს ის ფაქტი, რომ მკვლელებისგან შემდგარი ჰამასის არმია გადარჩება". 

"მე მივმართავ პრეზიდენტ მაკრონს, პრემიერმინისტრ კარნის და პრემიერმინისტრ სტარმერს – როდესაც მკვლელები, გამაუპატიურებლები, ბავშვების მკვლელები და ადამიანების გამტაცებლები მადლობას გიხდიან, სამართლიანობის არასწორ მხარეს დგახარ; დგახარ ცივილიზაციის და ისტორიის არასწორ მხარეს". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ცნობისთვის, 21 მაისის ღამეს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, 30 წლის ელიას როდრიგესმა ჩიკაგოდან, ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს ესროლა და მოკლა. 

თავდამსხმელმა ახალგაზრდა წყვილი – 26 წლის სარა მილგრიმი და 30 წლის იარონ ლიშინსკი მაშინ მოკლა, როდესაც ისინი მუზეუმიდან გამოდიოდნენ. 

როდრიგესი თავდასხმამდე მუზეუმის გარეთ გადაადგილდებოდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ყვირის ეჭვმიტანილი დაკავების დროს "თავისუფლება პალესტინას". 

სამივე ქვეყანამ – საფრანგეთმა, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ ვაშინგტონში მომხდარი მკვლელობა მკაცრად დაგმეს.

ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კირ სტარმერმა ანტისემიტიზმს "ბოროტება" უწოდა, "რომელიც უნდა ამოვძირკვოთ, სადაც არ უნდა გამოჩნდეს". 

კომენტარები