გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს და შეჩერდა მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თემთა პალატაში ისაუბრა.
მიზეზად მინისტრმა ისრაელის ხელისუფლების მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადა დაასახელა.
"ჩვენ ვერ შევეგუებით გაუარესების ამ ახალ დონეს. ეს შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, უარყოფილია პალატის წევრების მიერ და ეწინააღმდეგება ბრიტანელი ხალხის ღირებულებებს" – ამბობს ლემი.
მანამდე, აღნიშნულ საკითხზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმაც ისაუბრა და ისრაელის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისკენ მოუწოდა.