წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ჯაფარიძე: დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა, ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ

ტაბულა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ.

"დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ. [...] თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. ველოდები,რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ. [...]

მე ჩემი პირადი ამბავი მაქვს. ციხეში წასვლა კი არ მინდა, ჩემთვის პრინციპული ამბავია, რომ მაგ ფარსში მონაწილეობა არ მივიღო. ეს თავიდანვე ვთქვი, როცა დამიბარეს, რომ იქ არ მივალ, ამას რაც არ უნდა მოჰყვეს-მეთქი, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ-თქო. არ მივიღებ, გამორიცხულია. ჩემთვის ეს პრინციპული ამბავია. თუ დამიჭერენ, დამიჭირონ". - თქვა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება 16 აპრილს წაუყენეს

"არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე რამდენიმე კვირით ადრე ვთქვი საჯაროდ. არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ". - წერდა ჯაფარიძე ბრალის წარდგენის შემდეგ.

წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს კი-10 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.

14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ, გირაოს გადაუხდელობისთვის, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა, ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

კომენტარები