კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წაუყენეს.
"არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე რამდენიმე კვირით ადრე ვთქვი საჯაროდ. არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ.
სასამართლო არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტანცია, სადაც ჩემი ნებით დავდივარ. არა იმის გამო, რომ იმედი მაქვს, რომ სამართალს ვიპოვი, არა, უბრალოდ სასამართლო არის ის ადგილი, სადაც ნორმალურ ქვეყნებში სამართალი მოიპოვება და ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, სადაც ესეთი რეჟიმები არიან, სასამართლო არის, სადაც ყველაზე მეტად ყარს და ჩემი ნებით დავდივარ ხოლმე, რომ ეს სიმყრალე შევიგრძნო.
მათ შორის ბევრი ადამიანის პროცესებზე დავდივარ და ამის გამო ახლა, ცხადია, ჩემს სასამართლოზეც მივალ, როცა დამიძახებენ. სავარაუდოდ დღეს იქნება.
მასალები, რაც გადმომცეს, ჩემი whatsapp-ში ჩატის ამონაწერები არის, სადაც მემესიჯებიან, რომ დაბარებული ვარ და მე ვეუბნები, რომ არ მოვალ. და არის ჩემი Facebook პოსტები, სადაც რამდენჯერმე დავწერე “ვაი, თქვე &₾ეებო”. ეს აქვთ გადიდებული, 80-იანი ფონტით აქვთ და ეს დევს საქმის მასალებში და აი, ამას აგზავნიან ახლა სასამართლოში…
არის [საზღვრის კვეთის აკრძალვის] შანსი იმის გამო, რომ ჩემი ბოლო 4 ვიზიტი რეალურად მართლა დაემთხვა. ოთხივეჯერ ზუსტად იმ დღეებში სანქციები დაედოთ ამათ ნაწილს. ხოდა ამის გამო შეიძლება ფიქრობდნენ, რომ რაღაცას იქ ვშვები, მაგრამ არ არის პრობლემა, 21-ე საუკუნეა, ზუმი არსებობს, ვიდეო ქოლები არსებობს და კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენი მეგობრები არიან დასავლეთში, მაინც მოვახერხებ რამენაირად” - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ TV ფორმულასთან საუბარში.
წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი, ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი, გივი თარგამაძეს კი-10 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.