საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში.
როგორც ონიანის დეიდა ტაბულასთან საუბარში ამბობს ფუტსალის მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ონიანი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას თავს დაესხნენ.
ბექა ონიანის დეიდა, სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობასაც ასაჯაროებს, მისი თქმით, ონიანს ივა ტყეშელაშვილი დაესხა თავს.
ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს.