კრიმინალი

თბილისში, ახალ სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა კაცს სცემეს - ოჯახი დროულ გამოძიებას ითხოვს

გუშინ, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში. 

როგორც ონიანის დეიდა ტაბულასთან საუბარში ამბობს ფუტსალის მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ონიანი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას თავს დაესხნენ.

ბექა ონიანის დეიდა, სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობასაც ასაჯაროებს, მისი თქმით, ონიანს ივა ტყეშელაშვილი დაესხა თავს.

"ჩემი დისშვილი არანაირი კავშირში არ იყო კონფლიქტთან. გასახდელიდან რომ გამოვიდა, პარკინგზე ელოდებოდა ის ადამიანი, ივა ტყეშელაშვილი, განზრახ, რომ ნახა, მარტი იყო ბექა გადმოვიდა მანქანიდან და მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები.

დამნაშავე არ დაუკავებიათ, მეტსაც ვიწტყვი, გამომძიებელს ვესაუბრე და არანაირი ინფორმაცია არ გავქვს, რომ თქვენ მოგაწოდოთო. ჩვენ ოჯახის წევრები ინფორმაციის გარეშე ვართ დარჩენილი". - ამბობს ონიანის დეიდა ტაბულასთან.

ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს. 

"ვიცით, რომ ივა ტყეშელაშვილის მამა არის, თუ იყო პოლიციელი, როგორც გვეუბნებიან, 10 წლის წინ წავიდაო, მაგრამ მეც წავედი ასე სამსახურიდან, მაგრამ როცა საქმე მჭირდება ვრეკავ და მიკეთებენ". - განაცხადა ონიანის დეიდამ. 

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეოს საგამოძებო მოქმედებები.

კომენტარები