ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

გერმანიამ გამოხატა მზადყოფნა, რომ თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 5%-მდე გაზარდოს

ბუნდესვერი - გერმანიის შეიარაღებული ძალები
Noah Wedel/picture alliance

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ გერმანია მზადაა, თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 5%-მდე გაზარდოს, რითაც იგი მიემხრო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯის გაზრდის თაობაზე.

"გერმანია მზადაა და შეუძლია, ვალდებულებები შეასრულოს." - თქვა ვადეფულმა 15 მაისს თურქეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს. მისი თქმით, ტრამპმა 5% ითხოვა "და ჩვენ მივყვებით მას."

NATO-ს ლიდერები ჰააგაში ივნისში შეხვდებიან, რათა ახალი თავდაცვის ხარჯის სამიზნე განსაზღვრონ. NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს წინადადებით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 3.5%-მდე უნდა გაზარდონ, რაც მიზნად დასახული ხარჯის დამატებით 1.5%-ით ზრდა იქნება.

მანამდე, 14 მაისს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგს განუცხადა, რომ მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ბუნდესვერის (გერმანიის ჯარის) ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად გარდაქმნა იქნება, რათა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხესთან გამკლავება იყოს შესაძლებელი.

გამოცემა Financial Times მიმდინარე წლის თებერვლის თვეში წერდა, რომ თუკი ევროპის ქვეყნები თავდაცვის ხარჯს მშპ-ს 3%-მდე გაზრდიან, ეს ევროპული თავდაცვისთვის დამატებით $250 მილიარდის გამოყოფის ტოლფასი იქნება, ხოლო ხარჯის მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შემთხვევაში ევროპის ქვეყნების თავდაცვის ხარჯი დაახლოებით $800 მილიარდით გაიზრდება, რაც რუსეთის ხარჯის ამჟამინდელ დონეზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

კომენტარები