ვინც ირწმუნა ქრისტე, მასზე გადმოდის მამის სული, ანუ ღვთის სული, სულიწმიდა და ის არის ჩვენში და ის ლაპარაკობს ჩვენში ჭეშმარიტებას. [...]
როცა თქვენ მსჯელობთ თქვენს თავში (ეს არის საოცრება საერთოდ, ადამიანს რომ შეუძლია საკუთარ თავში მსჯელობა და თან აუცილებელი), როდესაც თქვენ თქვენს თავში მსჯელობთ რაღაც საკითხზე და იქ მომენტალურად მოვა ის, რაც თქვენ არც გიფიქრიათ, მაგრამ მოდის, რომ ასეა სწორი და რომ დააკვირდით, ეს რომ თქვათ თქვენ - "ასეა სწორი", ეს რაღაცაში ხელს შეგიშლით, აი, მაშინ დუმდება სული. რაღაცაში ხელს შეგიშლით, ვიღაცას არ მოეწონება, თქვენს ზემდგომს არ მოეწონება, ან "ხელისუფლებას არ მოეწონება ეს რომ ვთქვა", მაგრამ იცი, რომ ასეა და ვერ ამბობ, არ ამბობ - დადუმდა სული. ხოლო თუ ამ კრიტიკულ მომენტში თქვენს სულს არ დაადუმებთ (სულში ვგულისხმობ სულიწმიდას), თქვენში ის მუდმივად ილაპარაკებს ჭეშმარიტებას და თქვენში იდინებს სიცოცხლის წყარო იმიტომ, რომ სიცოცხლე ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებაა. [...]
მორწმუნე არის ის, ვისაც ქრისტე ერწმუნება თავის თავს, ვისაც მამა ერწმუნება თავის სულს, თავის ძეს და თავის თავს. დააკვირდით, ერწმუნება რას ნიშნავს? რომ თქვენ ხართ სარწმუნო ადამიანი სამებისთვის, რომ თქვენში დამკვიდრდეს წმიდა სული და როდის ხართ სარწმუნო? როცა მის ჭეშმარიტებაზე უარს არ ამბობთ. როცა მისი ჭეშმარიტების განცხადება შეგიძლიათ პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და მერე საჯაროდ, თუ ეს საჭირო იქნა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც სხვებს ატყუებენ, ნუ გგონიათ, რომ ისინი თქვენ გატყუებენ. არა! პირველ რიგში, საკუთარ თავს ატყუებენ, რაშიც თქვენ გაჯერებენ, იმას პირველად თვითონ იჯერებენ და ეს სიცრუეს დაჯერებული ადამიანები არიან ყველაზე მეტად შეშინებული, დაცემული და დანგრეული ადამიანები. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთი არ არის მათში. [...]
აი, ყველა რომ მოგშორდეს შენი ჭეშმარიტების გამო, შენ არ გეშინია, რატომ? ღმერთი შენთან არის და თუ ღმერთი შენთან არის, რისი უნდა გეშინოდეს? მაგრამ ვისთანაც ღმერთი არ არის, იმას ყველაფრის ეშინია. [...]
ვისშიც ღმერთია, იმას არაფრის ეშინია და ვისშიც ღმერთი არ არის, იმას ყველაფრის ეშინია. განსაკუთრებით სიკვდილის! და დადის ჯავშნებით, რატომ? იმიტომ, რომ ეშინია დაკარგოს ის, რაც ამ ქვეყნად გააჩნია. დააკვირდით, უფალი ამბობს, "სადაცაა საუნჯე თქვენი, მუნ იქნება გული თქვენი" ეს ნიშნავს, სადაც გაქვს სიმდიდრე, იქ გინდა მუდმივად ყოფნა და როცა მიწაზე გაქვს სიმდიდრე და არავითარი ზეციური არ გაგაჩნია, ყველაზე მეტად გეშინია სიკვდილის, ყველაზე მეტად შეშინებული ხარ და ასეთი შეშინებული ადამიანი შეუძლებელია, მხსნელი იყოს! [...]
იცოდეთ, რომ სრულიად მოულოდნელი იქნება ის ხსნა, რომელსაც ჩვენს ქვეყანას ღმერთი მოუვლენს. ნუ იტყვით, "სადა ხარ უფალო?" აქ არის, ის აქ არის! ის ჩვენთან არის და მალე იქნება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების, ჩვენი ქვეყნის მართალ გზაზე დადგომის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და ერთაშორის ერთად ერად დგომის დრო. [...]
ჩვენ ვართ, რომელიც ვიმსახურებთ სხვა ერებთან ერთად გვერდი-გვერდ დგომას. ასეთი ვართ ჩვენ, ასეთი ვიყავით და ასეთი ვიქნებით ძალიან მალე. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას! ღმერთი შეგეწიოთ და ნუ გეშინიათ! ღმერთი ჩვენთან არის!