გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკა.
თურქეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ლემიმ თქვა, რომ "ჩვენ ერთადერთი გზავნილით მოვედით, რომ უკრაინის გვერდით დავდგეთ და უზრუნველვყოთ, რომ სამართლიანი, გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა მივიღოთ".
"ასეთი მშვიდობისთვის მზადყოფნას პრეზიდენტი ზელენსკი აჩვენებს თურქეთში ყოფნით და, რა თქმა უნდა, ახლოდან ვაკვირდებოდით მოლაპარაკებების დაწყებამდე, და შევამჩნიეთ რუსი დაბალი რანგის პირები, რომლებიც რუსული მხარის წარმოსადგენად მოდიან." - დაამატა მან.
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.
გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გაგზავნის. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.
მოგვიანებით, 16 მაისს, პუტინმა სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა. დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი. კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.
ამასთანავე, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-ის კითხვას, არის თუ არა შანსი, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს, უარყოფითად უპასუხა.





