წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ენმ: მოვითხოვთ ირაკლი ოქრუაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტია მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

"დე ფაქტო პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადყოფს, რომ ივანიშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, MEGOBARI აქტით დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღით უპასუხა. თეა წულუკიანის და მოღალატე რეჟიმის მიერ ორგანიზებულ რუსულ ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.

ნაციონალური მოძრაობა ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 

საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა, მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია. ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა. ჩვენი სიმტკიცითa და ერთიანობით გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის". - წერია ენმ-ის განცხადებაში.

14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ცნობისთვის, 8 აპრილს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.

ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები