ოპოზიციური პარტიები

გახარიას პარტიის თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა იქნება შეცდომა, აღიარება – გვარამია

ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში ადგილობრივი არჩევნების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გახარიას პარტიის ბოლო განცხადებები მიუთითებს, რომ ისინი აპირებენ არჩევნებზე გასვლას, რაც, გვარამიას თქმით, "დიდი შეცდომა იქნება", რადგან ეს ოცნების ლეგიტიმურობის აღიარება იქნება.

"მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთიანი უარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს ეს [უარი] ნათქვამი, ენმ-სგან მე ეს გაგებული მაქვს. ლელოსგან მეტ-ნაკლები ბუნდოვანებაა, მაგრამ რასაც ლელო ამბობს, ასე მესმის, რომ არ გადიან. მაგრამ გახარიას პარტიის ბოლო განცხადებები გვიჩვენებს, რომ ისინი აპირებენ გასვლას. დიდი შეცდომა იქნება, რადგან ეს არის აღიარება. [ამბობენ]: "ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს აღიარებაა", მესმის, შეიძლება არც ფიქრობდნენ, რომ ეს აღიარებაა, მაგრამ შეკითხვა არის შემდეგი - როცა MEGOBARI აქტი გეუბნება, რომ არჩევნების გამყალბებლები უნდა დაისაჯონ. როცა საქართველო ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და შენც ასე ფიქრობ, რადგან პარლამენტში არ ხარ, მაშინ იგივე ხალხი როგორ გიტარებს არჩევნებს?

დამნაშავეები თუ გიტარებენ არჩევნებს, როგორ გადიხარ და როგორ ფიქრობ, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით მაინც მოგიტანს ოდნავ სამართლიან შედეგებს, მით უფრო, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ოცნების მიღებული ახალი კანონების თანახმად, კიდევ უფრო გაუარესებულია ვითარება". - თქვა გვარამიამ. 

ცნობისთვის, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ მისი პარტია ემზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის და არის შანსი, რომ მონაწილეობა მიიღოს.

"ყველამ მიხედოს თავის თავს, მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რაღაცას ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს, ის პარტიები, რომლებიც აქ თავს იკლავდნენ, არცერთ შემთხვევაში, ბოიკოტს ვუცხადებთ მუნიციპალურ არჩევნებს, მონაწილეობას არ მივიღებთო, ისინი რომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, მე და თქვენ აქ ვიჯდებით და.." - თქვა გახარიამ.

კომენტარები