ოპოზიციური პარტიები

8 პარტია: მოგმართავთ ოპოზიციურ პარტიებს, უარი თქვით 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე

არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო რეჟიმი, დაიცავი დამოუკიდებლობა - 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე საპროტესტო მარშს გეგმავს.

პარტიები [თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები] განცხადებაში მიმართავენ, ყველა ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, "ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას".

"31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვადაში ივანიშვილმა არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას და ასეც გააგრძელებს, სანამ ქართველი ხალხი არ მოვიკრებთ საკმარის ძალას რეჟიმის დასასრულებლად, რომლის რუსული ბუნებაც თვისებრივად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების იდეასთან.

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.

ამავდროულად, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას - პროტესტს და რეჟიმის მორალურ და პოლიტიკურ იზოლაციას მის დემონტაჟამდე - რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს და ქართულ ოჯახებს სამშვიდობოს გავიყვანთ თქვენთან ერთად, ან თქვენ გარეშე!

ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საპროტესტო მსვლელობას გავმართავთ პარლამენტამდე. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები