ოპოზიციური პარტიები

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ერთიანი ოპოზიციური ფორმატისთვის, რომელიც ვერ შედგა – სამადაშვილი

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში, გადაცემა დღის ამბებში თქვა, რომ ძლიერმა საქართველომ ერთიანი ოპოზიციურ ფორმატის შექმნისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა, აღნიშნული ერთობა "სამწუხაროდ, ვერ შედგა".

"[...] მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ საკუთარ პარტიას მიხედოს ყველამ, და საკუთარ საქმეს, მიუღებელია ასეთი ტონით საუბარი ოპოზიციურ სხვა პარტიებზე, ჩვენ არასდროს მიგვიცია ჩვენი თავისთვის უფლება, რომ ასე გვესაუბრა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, არავის სჭირდება, მით უმეტეს, იმ ხალხისგან, ვინც ვერაფრით გაგვაგებინა რა არის მათი გეგმა, რას სთავაზობენ საზოგადოებას. როგორმე ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, როდის გავაკეთოთ განცხადება, რა საკითხზე და რანაირად. ვერავინ დაგვადანაშაულებს, რომ რომ ყველაფერი არ გაუკეთებია ძლიერ საქართველოს ერთიანი ოპოზიციური ფორმატის შექმნისთვის - ეს ფორმატი, სამწუხაროდ, ვერ შედგა". - თქვა სამადაშვილმა.

პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა 26 მაისის აქციის შესახებ. მისი თქმით, საზოგადოებამ მრავალრიცხოვანი დემონსტრაციით უნდა აჩვენოს, რომ არ აპირებს, "შეეგუოს ამ ქვეყანაში თავისუფლების გაუქმებას".

"დღეს არ არის განსხვავებების დრო. ჩვენი, ძლიერი საქართველოს პოზიცია რუსული სპეცოპერაციის ჩატარების დღიდან იყო, რომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ერთიანობას. მათ შორის, შეიძლება, ძალიან დიდი განსხვავებები გვქონდეს ჩვენ პოლიტიკურ აქტორებთან დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში. მაგრამ ამის გვერდზე გადადებისკენ მოვუწოდებდით ყველას. [...] საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, მათ შორის 26 მაისს, ძალიან მრავალრიცხოვანი დემონსტრაციით, რომ არ აპირებს, შეეგუოს ამ ქვეყანაში თავისუფლების გაუქმებას". - თქვა სამადაშვილმა.
 

კომენტარები