საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით, ქალი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.
"წინააღმდეგობის პლატფორმა კიდევ ერთხელ გმობს იმ ძალადობას, რაც დღეს ყველაზე სასტიკი ფორმებით ქალი აქტივისტებისა თუ ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება. ეს იმის გამოხატულებაა, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა რეჟიმი და რომ მას ცივილიზებული ფორმები საერთოდ დაკარგული აქვს.
ცხადია, ეს მიუღებელია - მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ტრადიციებისთვის [...] სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა იმ კრიმინალებისა და მოკრიმინალო ელემენტების მხრიდან, რომლებიც ქუჩაში ჰყავთ გაშვებული". - თქვა ზურაბიშვილმა.
გუშინ, 12 მაისს, TV პირველის ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს და მის ოპერატორს ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა წაართვა. შემთხვევის შედეგად, მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
ასევე, 11 მაისს, აქტივისტმა თაია ცეკვავამ დაწერა, რომ მას უცნობმა მამაკაცებმა სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს და დაემუქრნენ.
"ჩემს დას უნდა შევხვედროდი და შემდეგ ერთად ავსულიყავით სახლში. გზაში ორი უცნობი მამაკაცი დამხვდა. ერთმა სახეში წიწაკის სპრეი მომასხა, შემდეგ კი ორივემ ერთად მიწაზე დამაგდო. სანამ მიიმალებოდნენ, მითხრეს: „თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო". - დაწერა Facebook-ზე ცეკვავამ.