ვოლორიმირ ზელენსკი სტამბოლში პუტინის გარდა არავის შეხვდება. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ორმხრივი შეხვედრა უფრო დაბალ დონეზე აზრს მოკლებულია.
11 მაისს პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უკრაინას პირდაპირ მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას მალევე გამოეხმაურა ზელენსკი და თქვა, რომ პუტინს "პირადად დაელოდება" თურქეთში:
"ხვალიდან, ჩვენ სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გახანგრძლივებას აზრი არ აქვს და მე ხუთშაბათს პუტინს პირადად დაველოდები თურქეთში. იმედია, რუსები ამჯერადაც არ დაიწყებენ გამამართლებელი მიზეზების ძიებას".
12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს.
"არ ვიცი ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ამ ეტაპზე უცნობია ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში. მედიების ნაწილში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ შეხვედრას რუსეთის მხრიდან შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი დაესწროს.





