ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

Photo by Amir Levy/Getty Images

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ კვირას, 11 მაისს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში, ტყვეობიდან ისრაელელ-ამერიკელ მძევალს, ედან ალექსანდერს გაათავისუფლებენ, რომელიც ღაზის სექტორში ტყვეობაში 550 დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.

წყაროების თქმით, ალექსანდერის გათავისუფლება ჰამასის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ჟესტად მიიჩნევა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს იწყებს.

ამასთანავე, წყაროებმა თქვეს, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ალექსანდერის მშობლებს ესაუბრა და მათ ჰამასის ნაბიჯის შესახებ აცნობა. უიტკოფი ისრაელში 12 მაისს ჩავა.

ცნობისთვის, ალექსანდერი ერთადერთი ცოცხალი ამერიკის მოქალაქეა 59 მძევალს შორის, რომელიც კვლავ ჰამასის ტყვეობაში იმყოფება. მძევლებს შორის მხოლოდ 24 მათგანია ჯერ კიდევ ცოცხალი. 

Reuters-ის ცნობით, ღაზაში ჰამასის მეთაურმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ ალექსანდერის გამოშვებაში მონაწილეობას ერთობლივად კატარი, ეგვიპტე და თურქეთი იღებდნენ.

მანამდე, Reuters წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეშვების თაობაზე აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციასა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

კომენტარები