რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

 LUDOVIC MARIN

გაერთიანებული სამეფოს,საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები 10 მაისს კიევში ჩავიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

მოლაპარაკებების თემა 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაა, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება.

"აშშ-სთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დაეთანხმოს სრულ და უპირობო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის". - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

"ბევრი სამუშაოა გასაწევი, ბევრი თემაა განსახილველი. ეს ომი სამართლიანმა მშვიდობამ უნდა დაასრულოს. უნდა ვაიძულოთ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს". - დაწერა ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ "გადაწყვეტილების მიღება ახლა მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული. სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, იქნება თუ არა შესაძლებელი მომავალი კვირის დასაწყისში, ცეცხლის შეწყვეტის უფრო ხანგრძლივი ეტაპი უკრაინაში".

"მივემგზავრებით კიევში, უკრაინისთვის, ევროპისთვის". - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ მოსკოვი კვლავ დაბლოკავს პროცესს, ევროპელები აშშ-სთან კოორდინაციით ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდიან.

"ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ძალაა და სწორედ ესაა ამ ვიზიტის მიზანიც, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა!". - წერს მაკრონი პლატფორმა X-ზე.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 მაისს კიევში "მსურველთა კოალიციის" მორიგი შეხვედრა გაიმართება.

"ეს კოალიცია გვჭირდება და ის უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უსაფრთხოება უზრუნველყოს". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი 10 მაისის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მაკრონის ცნობით, შეხვედრა შერეული სახით ჩატარდება და ლიდერების ნაწილი ონლაინ ფორმატით მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები