BBC-ის რუსული სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ წელს ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღის პარადზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე ბევრად უფრო ნაკლები ილაპარაკა, ვიდრე გასულ წლებში და მიმდინარე კონფლიქტი მხოლოდ რამდენჯერმე, გაკვრით ახსენა.
პუტინის თქმით, რუსები ინახავენ მეორე მსოფლიო ომისა და "სამშობლოს", "ეროვნული ინტერესებისა" და "ტრადიციული ღირებულებების" დამცველი თაობის "ისტორიული, ტრიუმფარული მოვლენების" ხსოვნას.
"რუსეთი არის და იქნება გაურღვეველი ბარიერი ნაციზმისთვის, რუსოფობიისთვის, ანტისემიტიზმისთვის, ის იბრძოლებს იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც სჩადიან ამ აგრესიული, დამანგრეველი იდეების მიმდევრები. სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა." - თქვა პუტინმა.
"მთელი ქვეყანა, საზოგადოება, ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. ჩვენ ვამაყობთ მათი სიმამაცითა და მიზანდასახულობით." - დაამატა პუტინმა.
ამ სიტყვების შემდეგ პუტინმა კვლავ მეორე მსოფლიო ომზე საუბარი გააგრძელა. საუბარი დაასრულა სიტყვებით, რომ რუსები ყოველთვის დაეყრდნობიათ "ერთობას" "სამხედრო და მშვიდობიან საქმეებში".





