133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაეს პონტიფექსად ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი აირჩია. სახელად მან ლეო XIV აიღო.
ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია.
კარდინალმა პროტოდიაკონმა, მამბერტიმ, მსოფლიოს ამცნო:
"ძვირფასო დებო და ძმებო, გაუწყებთ დიდ სიხარულს: HABEMUS PAPAM ჩვენ გვყავს მამა!
მაღალყოვლადუსამღვდელოესი და უღირსეულესი მეუფე - რობერტი.
რომის წმინდა ეკლესიის კარდინალი პრევოსტი, რომელმაც აიღო სახელი ლეო XIV".
გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას - URBI ET ORBI - ქალაქსა და ქვეყნიერებას.
ახალი პაპის არჩევისთანავე დასრულდა Sede Vacante, ანუ წმინდა პეტრეს საყდრის ვაკანტურობის პერიოდი.
ცოტა ხნის წინ სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია.
თეთრმა კვამლმა გვამცნო, რომ კანდიდატმა ხმათა ორი-მესამედის მოგროვება შეძლო.
კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო.
დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია - მეოთხე სესიაზე.





