პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რუსეთს "სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენას" სთხოვს. TV პირველის ცნობით, გავრილოვთან დაკავშირებული ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას პარტია "ახალ გეორგიევსკზე" განცხადებას თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე ამზადებს.
"მიმართვა ახლა ზუსტდება, ძირითადად ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, ურთიერთობების რეგულირება. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო იცვლება ყოველწამიერად, რუსეთის როლი იზრდება მსოფლიოში გეოპოლიტიკურად, ასევე რეგიონში, ამიტომ ჩვენი მიმართვის მთავარი არსი იქნება, მოვახდინოთ ახალი ურთიერთობების დამყარება, ახალი ხელშეკრულება, ახალი რეალობიდან გამომდინარე" - ამბობს პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი TV პირველთან.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, თემურ ფიფიას თქმით, მათი პარტიაა ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს საშუალება, რომ რუსულ მხარესთან ისაუბროს "ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, რომელიც აწუხებს საქართველოს". მისი მტკიცებით, "ჩვენ გვაქვს საშუალება მათ შორის ოფიციალურ რუსეთთან საუბრის".
TV პირველის კითხვაზე, რატომ გააქტიურდა ეს საკითხი არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ფიფია პასუხობს, რომ "ქართული ოცნება არის ბევრად უფრო დემოკრატიული პარტია და სახელისუფლებო ძალა, შედარება არაა, ვიდრე წინა ხელოსუფლება. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების პირობებში, მათ შორის ჩვენც გვაქვს საშუალება, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და ვიმოქმედოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში".
2 თვის წინ პრორუსულმა პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისთვის მიმართა. ინფორმაცია რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულმა სააგენტომ RIA Novosti-მა გაავრცელა სათაურით - "სრულად გააუქმეთ - საქართველო პუტინს მიუბრუნდა".
მამუკა ფიფია რუს დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან დაახლოებული რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. ერთი წლის წინ იგი პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ შეუშვა, რის შემდეგაც ფიფიამ საკუთარ Instagram-გვერდზე დეპუტატის კაბინეტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ამავდროულად, ფიფია დაახლოებულია პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერთან, ფრიდონ ინჯიასთანაც, რომელსაც ეკუთვნის ანტი-ლგბტ კანონის ინიციატივა. ფიფიამ სოციალურ ქსელში, ინჯიასთან ერთად მოსკოვში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - "ჩემი მხარდაჭერა გეი პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს".





