რუსთაველი დიდია - ყველა დავეტევით. ბუნებრივია, ბევრი საფიქრალი არ არის, რა უნდა იყოს 26 მაისის თემა - დამოუკიდებლობა არის თემა.
მთავარი, ჩემი აზრით, რასაც 26 მაისს პასუხი უნდა გაეცეს, უნდა ჩამოიშალოს ის ცრუ დილემა, რასაც ქართული ოცნება სთავაზობს ქართველ ხალხს, აბრიყვებს და შეურაცხყოფს, თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება საქართველოს ევროპული მომავალი, უვიზო მიმოსვლა და დამოუკიდებლობა, ეს არის სრული სიგიჟე, თავხედური ტყუილი და უპატივცემულობა პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, საქართველოს ისტორიას უარყოფენ როგორც ბოლშევიკები, ისტორიას შლიან იმით, რომ ევროპასთან ინტეგრაციას დამოუკიდებლობის მტრად აცხადებენ, პირდაპირ გატყუებენ, გიყირავებენ ისტორიას...
ანუ ომი მშვიდობაა, ბოროტება სიკეთეა, თავისუფლება მონობაა, ამას ატრიალებენ და ზუსტად ეს ორუელიანური დიდი ტყუილის, ადამიანების შეურაცხყოფის მაგალითია სასწორის ერთ პინაზე საქართველოს ევროინტეგრაციის და მეორე პინაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დაყენება, რადგან ეს არის სულ პირიქით - საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენით, ასეთი რამე არის შეუძლებელი, ასეთი რამე არ მომხდარა არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების ისტორიაში, რუსეთი არის ჩვენი სუვერენიტეტის მტერი და დასავლეთისგან ჩვენი იზოლაცია სჭირდება ერთადერთი მიზეზით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შეჭამოს. ჩემი თუ არ გჯერათ, ამას ადასტურებს ყველა ჩვენი წინაპარი, რომელიც ამ ბრძოლას შეეწირა და შეეწირა იმიტომ, რომ თვლიდა, რომ ღირს ეს ყველაფერი ბრძოლად.
მთავარი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს და ფედერალისტები ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს არის ცრუ დილემა, ეს ცრუ დილემა თავზე უნდა დავამხოთ ამ რეჟიმს, თითქოს ევროინტეგრაცია და საქართველოს დამოუკიდებლობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს არის პირიქით - საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება დასავლური ინტეგრაციის გარეშე, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით და ეს უნდა გახდეს ყველაზე ცხადი 26 მაისს, ამ ცრუ დილემის ჩამონგრევას ვისახავთ მიზნად ფედერალისტები და ამისთვის ვამზადებთ ფილმს, რომელიც იქნება ისეთივე შთამბეჭდავი, როგორიც ჩვენი ყველა წინა ფილმი იყო. მე არ მახსოვს, ჩვენ აქცია გაგვემართოს და ხალხი უკმაყოფილო დაშლილიყოს იმით, რაც ჩვენ წარვადგინეთ. ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვინც ნახავს, ყველა იქნება მოტივირებული, ანთებული და გაბრაზებულიც.
და ამას გარდა, ვგეგმავთ რუსთაველზე დავდგათ ექსპოზიცია, იმის მცირე ვერსია, რომელიც ჩვენ ადრე კლუბ ხიდში გავაკეთეთ. რას ნიშნავს რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა, ამის ასახსნელად - ბუჩამდე იყო აფხაზეთი, როდესაც ჩვენ დასავლეთის გარეშე რუსეთის პირისპირ მარტო ვიყავით, რას გვიკეთებდა რუსეთი. დაიდგმება რუსთაველზე დიდი სტენდები, ინტერაქტიული იქნება, გახმოვანებაც ექნება, სადაც თავად მსხვერპლი მოგვითხრობს რუსების როლზე ქართველების გენოციდში, ჩემი აზრით, ძალიან გამოსაფხიზლებელი იქნება, დღისით დაიდგმება ეს ექსპოზიცია, ასე რომ დღისით ვინც რუსთაველზე გამოვა, ყველას შეეძლება, ეს ექსპოზიცია დაათვალიეროს, ხოლო საღამოს წარვადგენთ ფილმს.