დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას.
ასევე, მინდა მივმართო, ჩვენს მომავალ თაობას, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშვნელოვანია მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, ადამიანს შთააგონებენ თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ესაა დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, და ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა.
სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნებისა და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.




