აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ არალეგალური სტატუსის მქონე მიგრანტებს თვითნებური დეპორტაციის წასახალისებლად $1000-ს გადაუხდის.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ დამატებით გადაიხდის მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც აპლიკაციას, სახელწოდებით CBP Home-ს გამოიყენებენ, რათა მთავრობას შეატყობინონ, რომ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავენ, საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის მიერ დაკავებისა და ქვეყნიდან გაძევებისთვის "პრიორიტეტულები" აღარ იქნებიან.
"თუ თქვენ აქ არალეგალურად იმყოფებით, თვითდეპორტაცია საუკეთესო, ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებხარჯიანი გზაა აშშ-ს დასატოვებლად, რათა დაკავება თავიდან აირიდოთ". - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა.
"ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი არალეგალურ უცხოელებს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვასა და სტიპენდიას სთავაზობს, რათა CBP Home აპლიკაციის საშუალებით საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ". - აღნიშნა ნოემმა.
CBP Home იმ აპლიკაციის შეცვლილ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებდა, რათა დაახლოებით 1 მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის საშუალება მიეცა, ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის მიზნით, სპეციალურ სამსახურებთან შეხვედრები ჩაენიშნათ.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, მან ერთ პირს თანხა უკვე გადაუხადა, რათა ჩიკაგოდან საკუთარ ქვეყანაში – ჰონდურასში გამგზავრებულიყო და ამასთან, მიმდინარე და შემდეგი კვირებში სხვა პირებისთვის ფრენის რამდენიმე ბილეთიც დაჯავშნილია.
5 მაისს, რეპორტიორებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იმ იმიგრანტებს, რომლებიც "თვითდეპორტაციას მოახდენენ" და აშშ-ს დატოვებენ, აშშ-ში ლეგალურად დაბრუნების შანსი ექნებათ "თუ ისინი კარგი ადამიანები არიან" და "ჩვენი ქვეყანა უყვართ".
"და თუ ისინი არ არიან [კარგი ადამიანები], ისინი [ვერ დაბრუნდებიან]". - დაამატა ტრამპმა.
ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიების დროს იმიგრანტების მასობრივი დეპორტაციები ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო დაპირება იყო, თუმცა შესაბამისი ძალისხმევა მნიშნველოვან რესურსებს მოითხოვს და კვლავაც ხარჯიანი რჩება.
ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურს, რომელიც არალეგალური მიგრანტების დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებაზეა პასუხისმგებელი, მასობრივი დეპორტაციებისთვის რესურსების გაზრდა მოსთხოვა.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანახმად, ერთი პირის დაკავება, დაპატიმრება და ქვეყნიდან გაძევება დაახლოებით $17 121 ჯდება.