აქციაზე დაკავებულები

დარღვევები "თბილისი მოლთან" აქციაზე დაკავებული 8 პირის საქმეში – NGO-ების განცხადება

პოლიცია 2 თებერვლის  აქციაზე
ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის გადაკეტვის საქმეზე დაკავებული 8 პირის საქმე შეისწავლა. ორგანზაციების შეფასებით, ამ პირების დაკავება უკანონოა, მათ მიმართ დარღვეულია დაკავების ვადები და პროცედურები, უკანონოდ არის ჩატარებული ბრალდებულთა პირადი ჩხრეკები, უკანონოა ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდები და საქმეში მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით.

გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საქმის ანალიზს:

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ერთ დღეში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

ორგანიზაციების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ სასწრაფო წესით, ერთ დღეში, კანონქვემდებარე აქტში შეტანილი ცვლილებით (და არა საკანონმდებლო ცვლილებით, რომელსაც უნდა გაევლო სამი მოსმენა პარლამენტში) მოახდინა ქ. თბილისში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (მათ შორის, თბილისი მოლის წინ არსებული გზის მონაკვეთის) გადაკეტვის კრიმინალიზება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დაანონსებული პროტესტისთვის ხელშეშლა, შეზღუდვა.

მათივე განცხადებით, საქმის ანალიზით გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებისთანავე, საგამოძიებო ორგანოებმა (შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ) დაიწყეს მზადება აქციის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის.

საგამოძიებო ორგანოების მზადება აქციის ორგანიზატორთა მიმართ დევნის დაწყების მიზნით

1-ლ თებერვალს შსს-მ დაიწყო გამოიძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა) და 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2 თებერვალს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და კიდევ ერთი მუხლი დაამატა: 222-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება). 

"პროკურორის ზემოაღნიშნული (კვალიფიკაციის შეცვლის) დადგენილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №010010225001 საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის ვასილ ღვინიაშვილის პატაკი (პატაკი სისხლის სამართლის საქმეში არ არის მოთავსებული), რომლის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფი (ილია ღლონტი, ქრისტინა ბოტკოველი, ისაკო დევიძე, სანდრო ჭითანავა, ნინო კეკელიძე) ორგანიზებას უწევს მოქალაქეების აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებას და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევით შემოსასვლელი და გასასვლელი გზების გადაკეტვას, რომლის მიზანია ტრანსპორტის გადაადგილებისა და სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხება. ამავე დოკუმენტის თანახმად, ისინი არ დაემორჩილებიან სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და ადგილი ექნება ძალადობას, რბევას, სხვისი ნივთის დაზიანებას, იარაღად სხვადასხვა საგნის გამოყენებას, ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და თავდასხმას". - წერენ ორგანიზაციები. 

აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებები

2025 წლის 2 თებერვალს, თბილისი მოლთან აქციაზე შსს-მ ადმინიტრაციული წესით დააკავა 8 პირი. 8-ვე მათგანი 4 თებერვალს ხელმეორედ დააკავეს - ამჯერად, სისლის სამართლის წესით. 

ორგანიზაციების ცნობით, ამ პირების დაკავება უკანონოდ მოხდა, მათ შორის, ისინი დაკავებულები იყვნენ კანონით დადგენილ ვადაზე მეტი ხნით. 

"2025 წლის 2 თებერვალს, 18:05 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 8 პირი: 

  • შვიდი მათგანი დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. ადმინისტრაციული დაკავების ყველა ოქმში დაკავების საფუძვლად მითითებულია ერთი და იგივე გარემოება: "2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისი მოლის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე იგინებოდა, ილანძღებოდა უმისამართოდ, უშვერი სიტყვებით, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება";
  • ერთი მათგანი დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 173 მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ადმინისტრაციული დაკავების ოქმში მითითებულია, რომ 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური გზის მთავარ სავალ ნაწილზე, სადაც პარალელურად ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, მოქალაქეთა ნაწილი გადავიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და სცადეს შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, დაკავებული გამოირჩეოდა აქტიურობით, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებულ იქნა.

ადმინისტრაციული სამართალწარმოების (ისევე როგორც, შემდგომ სისხლის სამართლის საქმის) მასალებში პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების გარდა არ არსებობს სამართალდარღვევის/დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება. საქმეზე დართულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები. 

ზემოაღნიშნული 8 პირი, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა 2025 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათის შემდეგ. მაშასადამე, ისინი ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იყვნენ 24 საათზე მეტი ხნით.

საქმეში არ მოიპოვება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ადმინისტრაციული დაკავების 24 საათიანი ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობა.

2025 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვავე დაკავებული ფორმალურად გაათავისუფლა ადმინისტრაციული დაკავებიდან და გათავისუფლებისთანავე, დაუყოვნებლივ (15:47 საათიდან 16:58 საათამდე დროის მონაკვეთში) ყველა მათგანი დააკავა ან ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, კ. ჩალაძის N1) ან დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზოში, მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა N7) სისხლის სამართლის წესით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 222 ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის) ბრალდებით.

სისხლის სამართლის წესით რვავე პირის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც უკანონოა, ვინაიდან არ არსებობდა არც ერთი პირის გადაუდებლად დაკავების საფუძველი. მით უფრო იმ პირობებში, როცა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, დაკავებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, ამ დროისთვის, საგამოძიებო უწყებისთვის უკვე ცნობილი იყო ბრალდებულთა მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო დაკავების საკითხზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად (დაკავების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს 24 საათში). უკიდურეს შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას 3 თებერვალს შეეძლო მიეღო პირთა გადაუდებელი აუცილებლობით სისხლის სამართლის წესით დაკავების გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ დროისთვის მოპოვებული იყო ყველა მტკიცებულება. თუმცა, საგამოძიებო უწყებას არც ეს გადაწყვეტილება მიუღია.

ასევე გამოიკვეთა, რომ რვავე ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალის ფორმულირება და ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი იდენტურია.

"ყველა ბრალდებულს ბრალად ედება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. პოლიციის თანამშრომლების ზოგადი ჩვენებების გარდა, საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების ერთობლივ, შეთანხმებულ მოქმედებას", - წერენ ორგანიზაციები.

ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ შეფარდება

სასამართლომ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინება გამოიტანა 2025 წლის 5 თებერვალს, 21:00 საათის შემდგომ - ადმინისტრაციული დაკავებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ. ორგანიზაციების განცხადებით,  ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ საპატიმრო გირაო (5 ბრალდებულს - საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით, 1 ბრალდებულს - 4000, ხოლო ორ ბრალდებულს - 3500 ლარის ოდენობით). 

"მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათი დაკავების ვადის ხელოვნურად გაჭიანურების მიზნით, ჯერ უკანონოდ დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ ასევე უკანონოდ დააკავეს სისხლის სამართლის წესით. გარდა იმისა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა მტკიცებულებებით გამყარებული დაკავების საფუძვლები, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი დაკავების საერთო 72 საათიანი ვადა (სასამართლომ ადმინისტრაციული დაკავებიდან 72 საათის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე) მათ შორის, დაკავებულთა სასამართლოში წარდგენის ვადები.

სამართალდამცავი ორგანოების ეს ქმედება უნდა შეფასდეს როგორც განზრახ უკანონო დაკავება, რაც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მათ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის 147-ე მუხლით და წარმოადგენს პროკურატურის გამოსაძიებელ დანაშაულს". - ნათქვამია განცხადებაში.

საეჭვო Facebook პროფილი და მოწმე პოლიციელთა იდენტური ჩვენებები 

ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიების დაწყების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის ვასილ ღვინიაშვილის 2025 წლის 3 თებერვლის პატაკი, სადაც წერია, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გზის გადაკეტვის კადრები გავრცელებულია Facebook-ზე.

აღნიშნული ვიდეო, არის ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტიდან ამოჭრილი 8 წამიანი კადრი, სადაც ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები. ორგანიზაციის განცხადებით, ვიდო ატვირთული აქვს მომხმარებელ ანუკი ჩიხლაძეს 2025 წლის 3 თებერვალს, 16:27 საათზე (პატაკის ავტორის ვასილ ღვინიაშვილის გამოკითხვამდე 1 საათით ადრე).

"აღსანიშნავია, რომ მომხმარებელ ანუკი ჩიხლაძეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში 3 თებერვლამდე მხოლოდ ორი აქტივობა უფიქსირდება:

  1. 2024 წლის 7 დეკემბერს (ჩანაწერზე სავარაუდოდ ასახულია პროტესტის მონაწილეების მიერ კამერის დაზიანების ფაქტი);
  2. 2024 წლის 5 დეკემბერს (ჩანაწერზე ასახულია პროტესტის მონაწილის მიერ ჯოხის სროლა). საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება ამ მომხმარებლის ავთენტურობაზე.

დიდი ალბათობით, აღნიშნული მომხმარებელი სპეციალურად არის შექმნილი პოლიციის მიერ ასეთი შემთხვევებისთვის, მტკიცებულებების მარტივად, სასამართლო კონტროლის გარეშე, სწრაფად მოპოვების მიზნით. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მტკიცებულებად დამაგრებულია დათვალიერების გზით (ანუ, საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურამ თავიდან აიცილა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, განჩინების აღება და ტელეკომპანია ფორმულადან ინფორმაციის გამოთხოვა). დიდი ალბათობით ეს მომხმარებელი გამოყენებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების დამაგრების მიზნით". - წერენ ორგანიზაციები. 

ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ გამოკითხული მოწმე პოლიციელების ჩვენებებში იდენტურია, როგორც შინაარსი, ისე წერტილ-მძიმე, სიტყვებს შორის დაშორება.

ბრალდებულების უკანონო პირადი ჩხრეკები და საგამოძიებო უწყებების სწრაფი კოორდინაცია სასამართლოსთან 

ორგანიზაციების განცხადებით, დაუსაბუთებელია პროკურორების შუამდგომლობები ბრალდებულების პირადი ჩხრეკის ჩატარების კანონიერად ცნობის თაობაზე და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ არ არსებობდა დაკავებულთათვის გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარებისა და ჩხრეკის დროს ამოღებული ზოგიერთი ნივთის ამოღების საჭიროება.

"2025 წლის 3 თებერვალს საგამოძიებო ორგანომ (შინაგან საქმეთა სამინისტრომ) მიმართა შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს - ლანა ოვსიანიკოვას და მოითხოვა ინფორმაცია აღმაშენებლის ხეივნისა და მიმდებარე ტერიტორიის აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხად საგამოძიებო ორგანოს ეცნობა იმავე დღეს, რომ მასალები ინახებოდა ა ქ. თბილისში, გულუას ქ. 10-ში.

იმავე დღეს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან   ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის მოთხოვნით. შუამდგომლობა სასამართლოში დარეგისტრირდა 03.02.2025. 17:05 საათზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ამავე დღეს, მოსამართლე თამარ მახარობლიძის მიერ, რომლის საფუძველზეც ამავე დღეს 20:38-20:55 საათზე ხდება გამომძიებელი ზაურ ზურაშვილის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა.  

მაშასადამე, სასამართლომ 55 წუთში მოასწრო შემდეგი ქმედებების განხორციელება: დარეგისტრირებული შუამდგომლობა გადაუგზავნა მოსამართლეს, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ შეისწავლა შუამდგომლობა და საქმის მასალები, მიიღო/დაწერა განჩინება და იგი ამავე დროში ჩააბარა გამომძიებელს (სასამართლო მუშაობს 18:00 საათამდე)". - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, ბრალდებულები დააკავეს არა დამკავებლად მითითებულმა პოლიციელებმა, არამედ გდდ-ს თანამშრომლებმა.

"ერთ-ერთ ვიდეომასალაში ასახულია ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავება. ჩანაწერში ჩანს, რომ მას აკავებს ორი პირი, რომლებსაც უკეთიათ ნიღბები და აცვიათ შავი ფერის ტანსაცმელი, თუმცა, მისი ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის შოთიკო ხატიძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, აღნიშნული ბრალდებული მან დააკავა. 

დაკავების კადრები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბრალდებული დააკავა არა შოთიკო ხატიძემ, არამედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შემდგომ გადასცეს იგი საპატრულო პოლიციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში არასწორი ინფორმაციაა მითითებული და შოთიკო ხატიძეც არასწორ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას" - წერენ ორგანიზაციები.

აღნიშნული სისხლის სამართლის პროკურორები არიან:

  • როინ ხინთიბიძე;
  • ირაკლი ყვავაძე;
  • ანა ლეკიაშვილი;
  • ნათია ქართველიშვილი.

მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:

  • თამარ მახარობლიძე;
  • ეკა ბარბაქაძე;

მოსამართლე, რომელმაც განიხილა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი:

  • დავით კურტანიძე;

იხილეთ ანალიზი სრულად.

კომენტარები