უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 9 მაისს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი.
ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სადაზვერვო მონაცემები 9 მაისს რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ ზელენსკიმ უპასუხა, რომ "სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეზობელი და რაზეც არის წამსვლელი, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური სარგებლის მისაღებად".
ზელენსკიმ გაიხსენა აღდგომის პერიოდში "ზავის" დროს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი 100-ზე მეტი იერიში. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ფრონტის ხაზზე 200-ზე მეტი შეტევა წამოიწყეს, რაც უკანასკნელ თვეებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"ასე რომ, ნდობა არ არსებობს. პროვოკაციები სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ეს უკვე რუსებზეა დამოკიდებული. და თუ ჯერ კიდევ ვინმეს სჯერა რუსეთის, დაე, საკუთარ თავზე გამოცადონ," - თქვა ზელენსკიმ.