პარტია ფედერალისტების თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე, სადაც განსხვავებული პარტიები სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობენ და თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს კოალიციური მთავრობის ერთგვარ მაგალითს.
"წინააღმდეგობის პლატფორმა არის მაგალითი იმის, რომ განსხვავებულ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა პრაქტიკულ საკითხებზე, ეს არის კოალიციური მმართველობის მაგალითი მინი დონეზე, ოღონდ ჯერ ძალაუფლება არ გაქვს, ეს მანდატი ხალხისგან უნდა მიიღო. მაგრამ იმ შინაარსზე, რაც პრეზიდენტის ქარტიაში იყო და იმ ნაბიჯებზე რაც პროტესტის მხარდაჭერისთვის არის საჭირო სწორედ განსხვავებული პარტიები თანამშრომლობენ ამაზე იქ.
ეს პლატფორმა არის მოდელი მართლა თანამშრომლობის, იმ ხალხის, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ პერსონალურად, განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ, მაგრამ რაზეც თანხმდებიან იმ საკითხებზე შეუძლიათ ერთობლივი გზავნილები ჰქონდეთ საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც, ამას აკეთებს ეს პლატფორმა. იგივე უნდა მოხდეს რეფორმების იმ მინიმალურ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც, რაც საჭიროა, რომ უფსკრულის პირიდან გამოვიდეთ, ოღონდ თან კონკურენციაც შენარჩუნდება - ეს არის კოალიციური მმართველობა და ხალხისთვისაც უნდა იყოს თვალსაჩინო, რომ ეს შესაძლებელია და ამ თვალსაზრისით, ოპოზიცია უკეთეს ფორმაშია ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ არ არის". - თქვა ბოკერიამ.
ცნობისთვის, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.
ზურაბიშვილის განცხადებით, პლატფორმა ღიაა ყველა არსებული ან მომავალი შექმნილი, პროევროპული პოლიტიკური პარტიისთვის, რომელთათვისაც მთავარი პრიორიტეტებია, ახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ასევე, პარტიები უნდა იზიარებდნენ ქართულ ქარტიას.





