ექიმი-ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე ფედერალისტების გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ სიხარულიძემ თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაწერა. 29 სექტემბერს კი პარტიის ნარკოპოლიტიკის ხედვა წარადგინა.
"ზურა სიხარულიძე შემოგვიერთდა, ძალიან დიდი ავტორიტეტი ნარკოლოგიის სფეროში და უამრავი, ათობით ათასი ადამიანის და ოჯახის იმედი, რაც მთავარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის და ზოგადად ქართველი ხალხის გასაჭირის პრობლემა არის ის, რომ ქართველი ხალხი არ არის პოლიტიკის ნაწილი. პოლიტიკა ტრიალებს ერთი კაცის გარშემო. მხოლოდ ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციაშიც, მთელი პარტიული პოლიტიკა ტრიალებს ერთი ბელადის, დონორის გარშემო და ხალხი არ არის ნაწილი. ფედერალისტები სწორედ ამ მიდგომას ვაყირავებთ. ჩვენი ყველა ინიციატივა, რეფორმა არის საქართველოს მოქალაქეების შესახებ". - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ზურა სიხარულიძის განცხადებით, პარტიულ პოლიტიკაში შესვლა გადაწყვიტა, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლება ანგრევს და ანადგურებს იმას, რასაც ის და მისი მეგობრები 20 წლის განმავლობაში აშენებდნენ.
"მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – უჩვეულო, გამოწვევებით სავსე და სირთულეებით, თუმცა მჯერა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და იმ ადამიანებს შევუერთდი, ვისთანაც ჩემი ცხოვრების ეს ახალი პერიოდი უნდა გავატარო. და გავხდი ფედერალისტების გუნდის წევრი.
ხვალ მექნება ჩემი პირველი გამოსვლა, როგორც პოლიტიკური პარტიის წევრს, და იმ გუნდის პოლიტიკური ხედვა, რასაც მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი, უკვე საჯაროდ დავიცავ.
არ ვმალავ – 2012 წელს ვიყავი ქართული ოცნების ამომრჩეველი და ირაკლი ალასანიას გუნდს ვეხმარებოდი არჩევნებზე დამკვირვებელიც ვიყავი. შემდეგ, ნათია ლანდის ჩემმა მეგობარმა მთხოვს რომ დავეხმარებოდი, ციხეში მომიწია მუშაობა, სადაც სამი წელი გავატარე უმძიმეს პირობებში და ურთულეს პაციენტებთან ერთად.
შემდეგ კაკი ზოიძესთან და ბევრ კარგ და ჭკვიან ადამიანთან ერთად სრულიად განსხვავებული ხედვა შევქმენით. სამწუხაროდ, მოგვიანებით ეს კანონი თავზე დაგვახიეს.
2005 და 2008 წელს შევქმენი ყველა დოკუმენტი და პროტოკოლი, დავიწყე სისტემა, რომელსაც ძაან ბევრი სიკეთე მოუტანა ამ ქვეყანას შეუტიეს და დღემდე ანგრევენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაამარცხეს. დღესაც იგივე მეორდება – ეს არის საბოლოო, გადამწყვეტი ეტაპი: ანგრევენ და ანადგურებენ იმას, რასაც მე, ჩემი კოლეგები და მეგობრები უკვე 20 წელია ვაშენებთ.
ამ ყველაფერს ემატება უამრავი უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი, ქვეყნის კურსის ცვლულება , ახალგაზრდების ცემა და დაპატიმრება, ევროპული ღირებულებების უარყოფა, რუსული პროპაგანდის გაძლიერება და კრიზისის გაღრმავება.
მე მგონია, რომ საკმარისი მიზეზია პოლიტიკაში წასასვლელად.
ჩემი მიზნებია:
- ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე
- პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება
- სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება
- ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილება
- ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს, ძირეული რეფორმა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ასე რომ, ეს არის ჩემი ამბავი.
ვისაც არ მოგწონთ ჩემი არჩევანი, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ურთიერთობა ჩემთან. ვისაც მოგწონთ – ერთად შევცვლით ყველაფერს" - დაწერა სიხარულიძემ 28 სექტემბერს სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება რეფორმას, ჩერგოლეიშვილის თქმით, ის შეეხება 50 000 ადამიანს, მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. როგორც ჩერგოლეიშვილმა თქვა სადამსჯელო პოლიტიკის ნაცვლად, მათი ხედვა ითვალისწინებს ზიანის შემცირების პოლიტიკას და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას.
"ჩვენი რეფორმა მიმართული იქნება ერთი მხრივ ზიანის შემცირებაზე და მეორე მხრივ, უკვე მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, იმიტომ რომ ნარკომანიასთან ბრძოლა იწყება რეალურად ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით და არა ორგანიზებულ დანაშაულთან შეკვრით. [...]
ხელისუფლება რომ ქუჩაში დასდევს ადამიანებს და აშარდვინებს, ეს არ არის ნარკოპოლიტიკა, ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლა არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, მანდ გადავდივართ ჩვენ უფრო მეტად ზიანის შემცირების პოლიტიკაზე, ნაცვლად სადამსჯელო პოლიტიკისა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი ნარკოტიკის ლეგალიზაცია ან დეკრიმინალიზაცია ხდება, მიმართული იქნება, რომ პრობლემა დავძლიოთ და არა ეს პრობლემა სადმე გამოვკეტოთ და დავმალოთ" - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.





