რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Kyiv Post: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებს

REUTERS/Valentyn Ogirenko

გამოცემა Kyiv Post დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 30 აპრილს კონგრესს აცნობა, რომ უკრაინისთვის პირდაპირი კომერციული გაყიდვებით (DCS) $50 მილიონის ან მეტი ღირებულების თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტის დამტკიცებას აპირებენ.

გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, აღნიშნული ნებართვა პირველია მას შემდეგ, რაც 100-ზე მეტი დღის წინ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

Kyiv Post-ის მიხედვით, კონგრესმა უკრაინისთვის ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტში $1 მილიარდის ღირებულების DCS-თან დაკავშირებული იარაღის გაყიდვები დაამტკიცა. ხოლო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აღნიშნული პროგრამის მეშვეობით აშშ უკრაინას სასწრაფოდ საჭირო შეიარაღებას აწვდიდა.

"ყველა პირდაპირი კომერციული გაყიდვა (DCS) ჩუმად ხდება; მათ საჯაროდ არ აანონსებენ, როგორც ეს საგარეო სამხედრო გაყიდვების შემთხვევაშია". - აღნიშნა Tochnyi-ს ანალიტიკოსმა გამოცემასთან საუბრისას.

"ახალი ამბავი ის არის, რომ ფაქტობრივად ეს [ამერიკული იარაღის მიყიდვა] გრძელდება, მიუხედავად ყველას პროგნოზისა, რომ ტრამპი უკრაინას სრულად შეუწყვეტდა დახმარებას". - დაამატა მან.

Kyiv Post-ის ინფორმაციით, $50-მილიონიანი გაყიდვის ლიცენზიაზე შეტყობინება ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს იარაღის ექსპორტის მაკონტროლებელი აქტის მეშვეობით გაუგზავნა. აღნიშნული კანონი აშშ-ს პრეზიდენტებს უფლებამოსილებას ანიჭებს, აკონტროლონ თავდაცვითი მასალებისა და მომსახურების იმპორტი და ექსპორტი.

ცნობისთვის, 30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.

შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) უკრაინის მთავრობასთან ითანამშრომლებს, რათა საბოლოოდ განისაზღვროს პროგრამის მართვის წესები.

კომენტარები