წინააღმდეგობის პლატფორმა (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) 29 აპრილს ადრე დილიდან დაწყებულ ჩხრეკებს განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებს ივანიშვილის მთავრობას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ ქართული ოცნების მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია.
"დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეებს დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზომებთან გამკლავებაში ეხმარებიან. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ ქართული ოცნების მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია - ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ. ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას" - ვკითხულობთ განცხადებაში.
წინააღმდეგობის პლატფორმის განცხადებით, ჩხრეკაში მონაწილე ყველა ადამიანის მონაცემი შეგროვდება და პლატფორმა გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ქვეყნის მოკავშირეების მხრიდან სანქციები დაუწესდეთ.
"წინააღმდეგობის პლატფორმა იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა. პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს დილიდან 5 პირის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა.
პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, ასევე გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლებში.
აღსანიშნავია, რომ დღეს პროკურატურამ "საბოტაჟის მუხლით" დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც 6 თვის ორსულია, ამასთან ერთად, ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდა ბაჯელიძის 7 წლის შვილიც.
- POG: "საბოტაჟის საქმის" ფარგლებში, ტარდება 5 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა
-
ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს
პროკურატურის თანამშრომლებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს.
ცნობისთვის, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.
ზურაბიშვილის განცხადებით, პლატფორმა ღიაა ყველა არსებული ან მომავალი შექმნილი, პროევროპული პოლიტიკური პარტიისთვის, რომელთათვისაც მთავარი პრიორიტეტებია, ახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ასევე, პარტიები უნდა იზიარებდნენ ქართულ ქარტიას.





