წინააღმდეგობის პლატფორმა

სანქციები, არჩევნები, პოლიტპატიმრები - წინააღმდეგობის პლატფორმა ვაიმარის ლიდერებს მიმართავს

წინააღმდეგობის პლატფორმა (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერებს: საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსა და პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს წერილით მიმართავს.

წინააღმდეგობის პლატფორმა ევროპელ ლიდერებს ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებასა და ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების გამკაცრებას სთხოვს.

ასევე, ისინი მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

  • ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში.
  •  სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ მაგნიტსკის აქტსა და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული). ქართველი ხალხი ამ სანქციების გამკაცრებას მოელის, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას.
  • ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება.
  •  საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად. .
  • სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად.
  • პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო რეჟიმის მსხვერპლად იქცა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ  არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად. სრული  პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს". - წერია მიმართვაში.

წერილში წინააღმდეგობის პლატფორმა ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

"თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, წინააღმდეგობის პლატფორმას, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ - განსაკუთრებით, ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლირადობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - მათ შორის, დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს, ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად". - წერია მიმართვაში.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად, წერილის ავტორები არიან პარტიები: დროა, ფედერალისტები, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო და გირჩი-მეტი თავისუფლება.

კომენტარები