აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო", ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.
ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ყირიმი რუსეთს, ტრამპმა თქვა, რომ ყირიმი რუსეთმა ობამას დროს წაიღო და ეს მის დროს არ მოხდებოდა.
"ის მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა და არა მე. თუმცა, შეძლებენ, რომ დაიბრუნონ? [...] მათ თავიანთი წყალქვეშა გემები იქ ჰყავთ მრავალი წელია, იმაზე გაცილებით უფრო ადრინდელი დროიდან, ვიდრე ნებისმიერი პერიოდი, რომელზეც ვსაუბრობთ. ყირიმში ადამიანები უმეტესად რუსულად საუბრობენ. თუმცა, ის ობამამ დათმო, ტრამპმა არ დათმო. ჩემგან წაიღებდნენ ისე, როგორც ობამასგან წაიღეს? ვერა, ეს არ მოხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ". - თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა ტრამპისთვის, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდეს, ტრამპმა თქვა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის.
"თუ ყირიმი რუსეთს დარჩება - ყირიმზე გვიწევს მხოლოდ საუბარი, რადგან ის არის, რომელიც ყოველთვის არის ნახსენები. ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის და ყველას ესმის, რომ ის [ყირიმი] მათ აქვთ დიდი ხანია. ის მათ ჰქონდათ დიდი ხნით ადრე, სანამ ტრამპი მოვიდოდა. კიდევ ერთხელ, ეს ობამას ომია. ეს ომია, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო". - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში პარიზში უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრავალჯერ განუცხადებია, რომ კიევი ნახევარკუნძულს მოსკოვს არ გადასცემს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს ზელენსკის საპასუხოდ Truth Social-ზე დაწერა, რომ "ზელენსკის არავინ სთხოვს ყირიმის აღიარებას" და მისი განცხადებები "რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია".
რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს, 25 აპრილს მოსკოვში ჩავიდა. უიტკოფი უკრაინის საკითხზე სალაპარაკოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.