კოალიცია ცვლილებისთვის

საჭიროა თანმიმდევრულობა, ეუთოს გენმდივანს ამიტომ არ შევხვდით - კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე უარის მიზეზის განმარტავს. მათი შეფასებით, "რეჟიმის დამარცხებისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა".

"დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებით - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული" - წერია განცხადებაში.

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში 22 აპრილს ჩამოვიდა.

კომენტარები