კოალიცია ცვლილებისთვის

ჯაფარიძე: რამდენიმე მსხვილი დონორი გვყავდა, ვისაც ჩვენი გამარჯვების სჯეროდა

"კოალიცია ცვლილებისთვის"

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციას წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე მსხვილი დონორი ჰყავდა, თუმცა მისივე თქმით, კონკრეტულ დეტალებს არ მოჰყვება, რადგან უსაფრთხო არ არის.

"რამდენიმე მსხვილი დონორი იყო, ვისაც სჯეროდა, რომ საბოლოო ჯამში ამ კოალიციას ჰქონდა გამარჯვების შანსი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფანდრაიზინიგს აკეთებ და მიდიხარ ადამიანებთან და ელაპარაკები, რომ შენში ჩადონ ფული, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმან დაიჯეროს, რომ შენ ხარ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია გამარჯვება დადოს და კი, ვიღაცები ვიპოვეთ, მათ შორის, მსხვილებიც, რომლებსაც აინტერესებთ რომ ამ კოალიციაში ჩადონ ფული. ვიღაცას თუ აინტერესებს დეტალებში მოვუყვეთ, ვინ რამდენი ჩადო, მაგის შანსი არ არის.

მაგაზე რუსთაველზე მკითხა ერთმა და რაც იმას ვუთხარი, შემიძლია იგივე ვუპასუხო ნებისმიერს, ვისაც ეგ კითხვა აქვს - ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ეგეთი დონის უსაფრთხოება არსებობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფულს დებენ პოლიტიკურ აქტივობაში, ეგეთი ხალხი ძალიან ცოტა არის ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა არის, მსხვილები განსაკუთრებით, ერთ ხელზე ვერ ჩამოთვლი იმდენად ცოტაა. დანარჩენები არიან არა მსხვილები, საშუალოები, პრობლემა არის." - ამბობს იგი.

მისივე თქმით, მას ჰქონდა Facebook ჯგუფი, სადაც 3 000-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის დამფინანსებელი ჰყავდა, თუმცა "იქიდან რაღაც ნაწილს პრობლემები შეექმნა მაგის გამო, მოუწიათ გაწევა ჩემგანაც და პოლიტიკიდანაც."

ჯაფარიძეს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საქართველოს ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის შესახებაც ჰკითხეს.

"გილაური გვეხმარებოდა კოალიციას ჯამში. ახლაც გვაქვს რაღაც ურთიერთობა, ფინანსური არ ვიცი რამდენად გვაქვს, მაგრამ რაღაც ურთიერთობა გვაქვს. მე გილაურთან კომუნიკაცია მქონია მანამდეც, მე დამხმარებია მანამდეც, ამ არჩევნებამდეც და კომუნიკაცია მქონია, იმიტომ რომ მგონია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კვალიფიციური ადამიანი ეკონომიკურ საკითხებში და იშვიათი ადამიანია, ვისაც შეუძლია გელაპარაკოს ამ ქვეყანაზე რიცხვებში."

კომენტარები