კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის: მომავალში საარჩევნო ნომრის შესანარჩუნებლად ცესკოს მივმართავთ

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, "საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას" და კოალიცია აღნიშნულ განაცხადს გააკეთებს, რადგან "ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან".

"საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა. სხვა შემთხვევაში კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე "კოალიცია ცვლილებისთვის" აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.

კოალიციის პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და მკაფიო, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რომელსაც დაეფუძნა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობასა და მის იზოლაციას ყველა დონეზე.

ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები საკუთარ პოზიციებში და ე.წ. პარლამენტში არშესვლის, სიების ჩახსნის, დაფინანსებაზე უარის თქმისა და ე.წ. კომისაზე არგამოცხადების შემდეგ, უარს ვეუბნებით ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც რეჟიმი სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულ განმარტებას ვაკეთებთ სამომავლო სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად.

სწორედ ამიტომ, 19 ივლისს, 19:00-ზე გელოდებით თსუ-სთან!" - ნათქვამია კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებაში

კომენტარები